NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლატვიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, აქედან გამომდინარე, NATO ერთიანია ამ კრიტიკულ მომენტში საერთო უსაფრთხოების დასაცავად. ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში, ხსნიან საზღვრებს ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.
„ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. არსებობს ძალიან სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლის ქვეშ არიან. მშვიდობიანი მოსახლეობისადმი დამიზნება ომის დანაშაულია. ეს სრულიად მიუღებელია.
ჩვენ გვჭირდება რეალური ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძვირი დაუჯდება უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესია და ეს არის ზუსტად ის, რის საფასურსაც ახლა იხდის. რუსეთი დაზარალდა მკაცრი და უპრეცედენტო სანქციებით და თითქმის სრულად იზოლირებულია მსოფლიო არენაზე. მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში. ხსნიან საზღვრებს ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.
ტანჯვა, რომელსაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, საშინელებაა. ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს კიდევ უფრო საშიში, დამღუპველი და კიდევ უფრო მომაკვდინებელი იქნებოდა. სიტუაცია შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს. NATO ერთიანია ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვის საკითხში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.