პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რომელმაც უწყების საქმიანობის საიდუმლო ნაწილის შესახებ 2021 წლის ანგარიშზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებებზე, სტრატეგიული მილსადენის დაცვასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზეც გაამახვილა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უმნიშვნელოვანესი მანდატიდან გამომდინარე, საქმიანობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო საზღვრის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სამინისტრო თავისი ფუნქციებით სხვადასხვა სფეროში და ჩვენს მოქალაქეებთან ყოველდღიური, მჭიდრო კონტაქტით, საზოგადოებრივი სერვისის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს ამოცანების ეფექტიანი შესრულების მიზნით, უწყების საქმიანობის გარკვეული ნაწილი არ არის საჯარო და ის დახურულია. სწორედ ამ ნაწილზე გვქონდა დღეს საუბარი. ეს ეხება სფეროებს, როგორებიცაა: სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საიდუმლო შესყიდვები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ასევე წაიკითხეთ:
პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა