დავით ზალკალიანმა ან ლინდესთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგასთან ან ლინდესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესია, ევროპის უსაფრთხოებასთან და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შვედეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ჩართულობა საერთაშორისო ძალისხმევაში. აღინიშნა საქართველოსა და შვედეთის მთავრობების მიერ გაწეული საქმიანობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით.

„შვედურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისადმი გამოხატული თანადგომისადმი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

  • ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ასევე, 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ვიორელ მოშანუსთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

„ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და აღინიშნა ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ხაზი გაესვა ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე. შეხვედრის დასასრულს, ვიორელ მოშანუმ დაადასტურა, რომ ის როგორც სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ძალისხმევას არ დაიშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.