რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი უკრაინასთან ომში მონაწილეობდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო RIA-მ დაწერა, რომ „პუტინმა უბრძანა სამხედრო პროკურორებს, გამოეძიებინათ საქმე და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მის მითითებებს, რომ „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობა გამოერიცხათ“.
„სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციაში“ ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად, ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავს ფაქტს მომავალში თავიდან აიცილებს.
მანამდე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები გაგზავნეს.