აშშ-ის სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა გაასაჯაროვა აშშ-ის მთავარი საბიუჯეტო კანონის – 2022 ფისკალური წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი, რომელსაც კონგრესი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი კვლავ შეიცავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფორმულირებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.
„გარდა ამისა, შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული – 132 მილიონ დოლარზე მეტი (132, 025 000), რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ, მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2017 წლიდან მოიცავს ცალკე ფორმულირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.
„აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატის მხრიდან, ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელიც ადასტურებს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ფარგლებში ითვალისწინებს არანაკლებ 295 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.
ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.
ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ს საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.