შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან და გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
"როგორც ეუთოს, ასევე გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, კონფლიქტით დაზარებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძის, კახაბერ ნათაძის, ვალერი კანიაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის და თამაზ გოგიჩაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.