ჰელსინკის კომისია საქართველოსთვის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსის მინიჭების თხოვნით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ.
აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე, არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს.
„აშშ-მ გაცილებით პროაქტიული პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას NATO-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევროატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგიკული შედეგები. საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი შეძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას საკუთარი განზრახვის შესასრულებლად, თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური ზრახვები“, - ნათქვამია წერილში.
კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. განცხადების ავტორების თქმით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ის აერთიანებს სენატის ცხრა და წარმომადგენელთა პალატის ცხრა წევრს, ასევე, თითო წევრს სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტებიდან.
ცნობისთვის, NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის.
ასევე წაიკითხეთ
აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს