„დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
„ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნას.
„სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი, საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.