რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, ამის შესახებ Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებიან. ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება.
Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ასევე წაიკითხეთ
ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს