ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას "რაც შეიძლება მალე“ გაუწევს. ჩინეთის ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ ასეთი დახმარების შესახებ გამოაცხადა. ვან ის თქმით, „ჰუმანიტარული ქმედება“ უნდა დაემორჩილოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ჰუმანიტარული საკითხები არ უნდა იყოს პოლიტიზებული.
ვანმა დაამატა, რომ „უკრაინაში არსებული სიტუაციის“ მიზეზები "კომპლექსურია". „კომპლექსური პრობლემების გადაჭრა მოითხოვს სიმშვიდეს და რაციონალურობას, ვიდრე ცეცხლზე ნავთის დამატებას და წინააღმდეგობების გამწვავებას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ჩინეთმა უკვე შეასრულა „გარკვეული სამუშაო„ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით და ყოველთვის იყო კონტაქტში ყველა მხარესთან.
„ჩინეთს სურს, განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაში და მზადაა, იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საჭირო მედიაციის განსახორციელებლად“, - განაცხადა ვან იმ.
ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, პატივი სცენ რუსეთის "უსაფრთხოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გასული თვის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე, პეკინში შეხვდა და მათ ხელი მოაწერეს ფართო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათ არ ექნებათ თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები. ვანმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობა "მყარია" და თანამშრომლობის პერსპექტივები ნათელია.
„რაც არ უნდა შემზარავი იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთიც და რუსეთიც შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და ახალ ეპოქაში უწყვეტად გააგრძელებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.