მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტამიკრონით“ ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონს“ აერთიანებს და შესაძლოა, მას „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს.

ცერცვაძის განმარტებით, ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“ და პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. ამასთან, მისივე განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს როგორც „ომიკრონი“, ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება.

„ეს არის ჰიბრიდი „დელტასი“ და „ომიკრონის„. კერძოდ, მას აქვს ომიკრონის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად გავრცელების სიჩქარეზე. ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცილები მას აქვს „დელტასგან“, ასე რომ, ამ სტრუქტურის ვარაუდით, შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პანდემიის დასრულების საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა თავისი განახლების უნარი უკვე რამდენჯერმე გამოავლინა. საქართველოში „ომიკრონის“ ტალღა მიდის დაღმავალი გზით. ინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვალების რაოდენობა ნამდვილად ყოველ დღე მცირდება. ნუ მოგვატყუებს, რომ დღეს ორშაბათია და 500-მდე ახალი შემთხვევა იყო. ეს ასე არ იქნება, სადღაც 1 000 შემთხვევა იქნება. გუშინ კვირა იყო და ამიტომ გამოკვლევები იყო მცირე, მაგრამ მაინც მცირდება. საქმე იმაშია, რომ მეკითხებიან ხშირად, მოსახლეობას აინტერესებს დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა თავისი უნარი განახლების და ახალი შტამების გავრცელების“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.