საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მინდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით.
„სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. თავის მხრივ, თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.