ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ პეკინს აფრთხილებს, რომ ჩინეთი დადგება შედეგების წინაშე, თუ ის რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამასთან, აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამ უკანასკნელ ცნობამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. 

ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. 

პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.


აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters