საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. სხდომა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა.
NATO-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად.