საფრანგეთის მთავრობა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით დედაქალაქში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების თანახმად, პარიზში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, დიდ ღონისძიებებზე დამსწრეთა დასაშვები რაოდენობა კი 5 000-დან 1 000-მდე შემცირდება. გარდა ამისა, იგეგმება საღამოს 20.00 საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვაც.
ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება მთელ საფრანგეთში ფიქსირდება. Worldometers-ის ცნობით, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 468 069 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 93 538 და დაღუპულია 31 416 ადამიანი.