კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება.
„ამ დროისთვის ჩვენ ჯერ არ ვიცით, შეუძლია თუ არა ჩვენს ვაქცინს ამ ახალი სახეობისგან დაცვა. მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ამ ვაქცინით მიღებულ იმუნურ პასუხს ასევე შეუძლია ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უგურ შაჰინის თქმით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პროტეინები 99%-ით იგივეა, რაც აქამდე არსებულ შტამებში და, შესაბამისად, BioNTech-ი დარწმუნებულია, რომ მისი ვაქცინა ეფექტური იქნება.
„მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეცოდინება, თუ ექსპერიმენტი ჩატარდება და მონაცემების მისაღებად დაახლოებით ორი კვირა დაგვჭირდება. იმის ალბათობა, რომ ჩვენი ვაქცინა იმუშავებს, შედარებით მაღალია. ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგება რომ დაგვჭირდეს, კომპანია ამის გაკეთებას დაახლოებით 6 კვირაში შეძლებს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.