NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
- რუსეთის ტყუილების სია გრძელია. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, მაგრამ ეს გააკეთეს. აცხადებდნენ, რომ ჯარები გაჰყავდათ, მაგრამ მათი რაოდენობა გაზარდეს. აცხადებენ, რომ იცავენ მოქალაქეებს, მაგრამ ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა ისინი აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შეიძლება, მოაწყოს „ცრუ დროშის ოპერაცია“, შესაძლოა, ქიმიური იარაღით. უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. იცავენ თავიანთ სახლებს, მათ მომავალს და ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი.
შეგახსენებთ, NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.