ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტს: ყოველი ღამე საშინელია. წარმოიდგინეთ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე - ზუსტად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პარლამენტისადმი მიმართვისას თავისი მოწოდება უკრაინის ცის დახურვის შესახებ, კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაჩერებლად, უკრაინის დასაცავად და ამით დაიცვას ევროპა რუსული საფრთხისგან“.

  • ყოველი ღამე საშინელია. რუსები ყველანაირი სახის არტილერიიდან ისვრიან. ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და შენობებს. წარმოიდგინეთ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე? დიახ, ზუსტად ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ქალაქში, ისინი მოდიან, უკრაინის დროშებს აგდებენ, წარმოგიდგენიათ, ვინმემ ჩამოაგდოს თქვენი დროშები მონრეალსა და კანადის სხვა ქალაქებში?

კანადელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას ოვაციებით შეხვდნენ. CNN წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის მიესალმა და განუცხადა, რომ მისი და უკრაინელი ხალხის სიმამაცე ყველას შთაგონების წყაროა.

„თქვენ იცავთ უკრაინელების უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. თქვენ იცავთ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ყველა თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა. ეს ღირებულებებია თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, ჭეშმარიტი საერთაშორისო წესრიგი", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.


15 მარტს ცნობილი გახდა, რომ კანადამ დააწესა ახალი სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის, 15 რუს ოფიციალურ პირზე, რომლებმაც „უკრაინაში შეჭრაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არჩევანს,  მხარი დაუჭირეს“.