ირაკლი კობახიძე: ვიმეორებთ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. ამის შესახებ მან დღე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.