მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკა ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა. მაკა ფერაძეს ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პროფესიით სამართალმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

მაკა ფერაძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, მუშაობდა უწყების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილებასა და ადმინისტრაციაში.

საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მისი აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციის, სამართალწარმოებაში ჩართული არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და საქართველოს ადამიანის უფლებების სტრატეგიის მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მაკა ფერაძეს ასევე აქვს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

მაკა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე ანა ბუჩუკური შეცვალა, რომელიც საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.