საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნებიან - რა წესების დაცვა მოგიწევთ

საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნებიან. ბაგა-ბაღების გაერთიანება წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც.

აკრძალვები:

ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები; არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია; აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა; აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება.

ვალდებულებები:

ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი; რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა; მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112; ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით; ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა; ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

პერსონალი:

პერსონალი ვალდებულია სამუშაო პროცესი განახორციელოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა; დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უნდა მოხდეს სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება; დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი; სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით; მუშაობის პერიოდში პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

„ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ წესებისა, რომლის შესრულებაც მოუწევთ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს“, - ნათქვამია ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.