თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.
„მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში თავდაცვის ძალებმა მიიღო „ჯაველინის“ ერთი პარტია. 2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება საარტილერიო კომპონენტის განვითარება და იგეგმება საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული ხასიათის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება.