ჩეჩნეთში კიდევ ერთხელ გახმოვანებულ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გულისხმობს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„როგორც მე მახსოვს, ეს არის პროექტი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო საუბარი, 1970-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე, რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, აუცილებელია, მან შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ვფიქრობ, თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობის, შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 15 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი საგანგებო ვიზიტით ჩავიდა. გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროება წამოჭრეს.