მიხაილო პოდოლიაკი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შეიძლება, უახლოეს კვირებში გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემა wp.pl-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკმა განმარტა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შედგება სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ.

ამასთან, განაცხადა, რომ დღეისთვის რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავთავიანთ პოზიციებზე რჩებიან, სადავო საკითხების შეთანხმებას კი რამდენიმე დღიდან ერთ-ნახევარ კვირამდე შეიძლება დასჭირდეს. ამ ხნის განმავლობაში მხარეები უნდა მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებას.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარისთვის არა აქვს მნიშვნელობა შეხვედრის ადგილს.

Financial Times-ის ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლაა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება.

როგორც პოდოლიაკმა განაცხადა, 16 მარტს, Financial Times-ის პუბლიკაციაში ასახულია მხოლოდ რუსეთის მოთხოვნები.

„ერთადერთი რამ, რასაც ვადასტურებთ ამ ეტაპზე, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე სახელმწიფოსგან“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე


ასევე წაიკითხეთ

მიხაილო პოდოლიაკი: Financial Times-მა გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტი, რომელიც  რუსული მხარის მოთხოვნის დემონსტრირებაა

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს