ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს COVID19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს.
„საკომიტეტო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ექსპერტების გამოცდილებას, რესურსს, მათ ჩართულობას. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ჯანდაცვის სექტორი დგას ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, კომიტეტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სასარგებლო ამ მძიმე გამოწვევის დაძლევის გზაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვა დარგობრივ, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად შეგვექმნა საბჭო, სადაც გაერთიანდებოდნენ სწორედ ამ დარგის სპეციალისტები: ეპიდემიოლოგები, კრიზისის მართვის სპეციალისტები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცა.