რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რადგან ეს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების გამო ფრთხილობენ. ამის შესახებ Reuters რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საგადამხდელო სისტემა „მირით“ სარგებლობს, რომელთანაც თურქეთის მხოლოდ სამი ბანკი Isbank, VakifBank და Ziraat Bank თანამშრომლობს. ამასთან რუსეთის მოქალაქეებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ამ ბანკებმა მომსახურების პროცენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის Visa და MasterCard-ის დაბლოკვის შემდეგ გაზარდეს. ისინი თურქეთის სასტუმროებში და რესტორნებში მომსახურების ხარჯებს ლირით ფარავენ.
თურქეთის საბანკო სისტემის საზედამხედველო უწყების (BDDK) წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თუმცა მისი თქმით არ არსებობს არანაირი დირექტივა მათზე ვინც სანქციების გავლენის ქვეშ არ მოექცა.
ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის