Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უკრაინის აღსადგენად იმ რუსი ბიზნესმენების აქტივები გამოიყენონ, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ Bloomberg სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით ინიციატივა „ადრეულ სტადიაზეა“ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. 

ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა განაცხადა, რომ „ამ დროისთვის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივები მხოლოდ გაყინულია“.

ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს და უცხოეთში რუსი ოლიგარქებისა და მსხვილი ბიზნესმენების ანგარიშები გაყინეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასევე წაიკითხეთ

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს