ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს. 

საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, სახელწოდებით Crescent, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, $600 მილიონია. 

წყარომ ესპანეთის პოლიციდან გამოცემას განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია.

სეჩინს კიდევ ერთი იახტა 85 მეტრის სიგრძის Amore Vero საფრანგეთის ხელისუფლებამ 4 მარტს ჩამოართვა. იახტაზე რუსი ოლიგარქის ცოლი ოლგა სეჩინა იმყოფებოდა. 

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასევე წაიკითხეთ 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის