თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 75 მილიონი ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს სამხედრო პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო.
მისი თქმით, საუბარია პროექტების არა გაჩერებაზე, არამედ ვადის გადაწევაზე.
„შესაბამისად, ამ პროდუქციის მოწოდების მზაობა როგორც კი იქნება, ეს თანხები აისახება უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს ხელშეკრულება არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საფრანგეთისგან ვიღებთ გარკვეულ სამხედრო პროდუქციას, შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით წარმოიქმნა მოწოდების და ინსტალაციის პრობლემა და ამანაც ვადაში გადაიწია, თუმცა, პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდება და ცხადია, ამ პროექტით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდება. როგორც კი პისტკრიზისული პერიოდი გაივლის, ეს ყველაფერი აღდგება, არც ერთი პროექტი არ ჩერდება,"- განაცხადა სესიაშვილმა.