ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს

უკრაინაში ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ საელჩომ თავისი თანამშრომლების ევაკუაცია დაასრულა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტაზე" დაყრდნობით წერს. 

ბელარუსის ელჩმა ევაკუაციის მიზეზად „მუშაობის აუტანელი პირობები" დაასახელა. კერძოდ, საელჩოს დაბლოკილი ჰქონდა ყველა ფინანსური ანგარიში, ამასთან, მისი თქმით, საელჩოს თანმაშრომლებს შექმნილი ჰქონდათ „გაუსაძლისი პირობები, იყო მუდმივად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები". 

ბელარუსი დიპლომატების ბოლო ჯგუფმა უკრაინა 18-19 მარტს დატოვა.

ელჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დიპლომატებს 20-საათიანი შემოწმების გავლა მოუწიათ.

თანაც საზღვრის გადაკვეთისას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერგეი დეინეკომ ელჩს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელისთვის "30 ვერცხლის" გადაცემა სთხოვა, მაგრამ ელჩმა გზავნილის გამორთმევაზე უარი უთხრა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა. 

ასევე წაიკითხეთ

უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა