უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ამის შესახებ newsweek რადას სპიკერზე დაყრდნობით წერს. რუსლან სტეფანჩუკმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
ხელმომწერ ქვეყანებს შორის საქართველოც არის. სტეფანჩუკმა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
EUROPE TIME ამ თემაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.