5 თვის განმავლობაში საქართველოში 5.4 მილიონი მრავალჯერადი პირბადე შეიკერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მრავალჯერადი დოლბანდის პირბადის წარმოებაზე, რომლის საცალო ფასი მოსახლეობისთვის 50 თეთრია.
როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან 5.4 მილიონი პირბადის წარმოებაზე გაწეული ხარჯი 3.6 მილიონ ლარს შეადგენს.
„ადგილობრივი პირბადეების წარმოების საჭიროება ქვეყანაში პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის ამ უმნიშვნელოვანესი საშუალების მკვეთრმა დეფიციტმა განაპირობა. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ორგანიზება გაუწია დოლბანდის მრავალშრიანი პირბადეების მასიურ წარმოებას. აღნიშნულ პროცესს წინ უძღვოდა მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დროსაც შემუშავდა და ლუგარის ლაბორატორიაში გაიტესტა პირბადის პროტოტიპები, შემუშავდა დოლბანდის პირბადის წარმოების სტანდარტი, ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცდა დოლბანდის პირბადის პროტოკოლი, განხორციელდა დოლბანდის მარაგების შეძენა, ტექსტილის საწარმოებთან მოლაპარაკება და სხვა ტექნიკური და ლოგისტიკური საკითხების გადაჭრა. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში განხორციელდა 5.4 მილიონი პირბადის წარმოება. წარმოების პროცესში პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად ჩართული იყო 16 საწარმო, სადაც 900-მდე თანამშრომელი დასაქმდა. საწარმოთა ნაწილმა პირბადეების გარკვეული რაოდენობის წარმოება განახორციელა უსასყიდლოდ“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა მრავალჯერადი პირბადეების წარმოების გაგრძელება, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ბაზრის მოთხოვნაზე.