ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ფონდის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელიც უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტზე დაყრდნობით წერს.
„რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ამასთან, როგორც კი რუსული შემოტევა შეწყდება, მხარი დაუჭიროს დემოკრატიული უკრაინის აღდგენას. ამ მიზნით, ევროპული საბჭო თანახმაა, შექმნას უკრაინის სოლიდარობის ფონდი“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტში.
ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში 24-25 მარტს გაიმართება.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს