მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს, რათა მათ დროულად შეძლონ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, მათ აქვთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი. თავის მხრივ, ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ნისიმ ბენ შიტრიტმა აღნიშნა, ეს არის თანამშრომლობის კარგი დასაწყისი ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება.

„მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.