საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად იგონებს თემებს და თავადვე პასუხობს, ასევე მის მიერ კონტროლირებად მედიაში მართავს განხილვებს, სადაც მაგიდის ორივე მხარეს თავად ზის. ჩვენ არ ვაპირებთ, კომენტარები გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატიმრობაში მყოფ მის ლიდერს, თუ რა იდეები მოსდის და რა განცხადებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს თავისივე განცხადებას უარყოფს, რაც არის უკიდურესად არასერიოზული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.