ვფიქრობ, მსოფლიომ უკვე ყველაფერი იცის, თუკი რამე უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინზე. მანამდე თუკი არ იცოდნენ და არ ესმოდათ 2008 წელს საქართველოში ომის დროს და 2014 წელს ყირიმში შეჭრისას, ახლა ვფიქრობ, უკვე ყველამ გაიაზრა ეს ინსტინქტი, რუსეთის ეს ძველი ტენდენცია იმპერიალიზმის გაფართოების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მართალია მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პარტნიორებს საქართველო და მოლდოვა ახსოვდეთ.
„იქნება თუ არა საქართველო მომდევნო, ეს რთული შეკითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველი ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება, თუმცა დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ასევე ვერავინ იტყვის, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს დამარცხების შემთხვევაში. არავინ იცის, რა რეაქცია იქნება ნახევრად გამარჯვებისა და ნახევრად დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ უკვე ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზაა, რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლადები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეხედოს საქართველოს, მოლდოვას. რა თქმა უნდა, ცენტრშია უკრაინა, სადაც მთავარი მოვლენები ხდება, მაგრამ ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს სამიტზე, ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ. ეს არის ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზეზი, რათა ვესაუბრო პარტნიორებს, რომ საქართველო ახსოვდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.