საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 30 წელი და ეს 30 წელი არის ასევე ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, დაწყებული პირველი წლიდან, ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო როლის და ფუნქციის აღიარებაში მართლაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და აღსანიშნავია, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა ყოველწლიურად ღრმავდებოდა, თვისობრივად ახალ დონეზე ადიოდა, წელს გვაქვს უპრეცედენტოდ უმაღლესი ნიშნული ამ სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ჩარჩო ფორმატი, რომელიც გახლავთ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს ჩვენი თანამშრომლობის ოთხ ძირითად მიმართულებას, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება, დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობა და ხალხთა შორის ურთიერთობა. ამ ოთხივე მიმართულებით მართლაც ხელშესახები პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.