სალომე ზურაბიშვილი: NATO-საქართველოს სწავლებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს რეგიონში საქართველოს როლზე

საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში NATO-საქართველოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „NATO-საქართველოს სწავლება 2022“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეათე დღეა, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც ხვალ დასრულდება. ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის, ამ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.

„ვიცით, რომ დღეს ერთი თვე სრულდება უკრაინაში იმ ომის დაწყებიდან, რომელსაც ასე მედგრად დაუდგა წინ უკრაინა და ვიცით, რომ გუშინ კონტრიერიში წარმატებულად დასრულდა. ვიცით, რომ დღეს ტარდება ბრიუსელში NATO-ს წევრების სამიტი, რომლებიც სწორედ იმაზე მსჯელობენ, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები და ეს ჩვენც გვეხება.

საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, როდესაც მეორედ ჩატარდა NATO-საქართველოს სწავლება, საქართველო იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვისა და ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დაეკისრა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება და აღიარება იმ სანდო და საიმედო პარტნიორობისა, რომელიც საქართველომ მრავალჯერ დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

აღსანიშნავია, რომ ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 20-მა ქვეყანამ და 560-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა ამ სწავლებაში. რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ეს თავისთავად პასუხია. მინდა, მათ ყველას მადლობა მოვახსენო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სწავლების პროცესში NATO-ს სხვადასხვა სააგენტოსა და ცენტრის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, აქტიური ჩართულობა ნათლად მეტყველებს საქართველოს როლზე რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების პროცესში.

„NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სხვადასხვა ინიციატივებს შორის კიბერუსაფრთხოება და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო მიმდინარე სწავლების ძირითადი მიმართულებები. ამ სფეროებში საქართველოს შესაძლებლობების განვითარება კრიტიკულად აუცილებელია დღეს არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მინდა, „NATO-საქართველოს სწავლება 2022“-ის უკლებლივ ყველა მონაწილეს, ჩვენს პარტნიორებს, ნატო-ს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში.

მადლობას მოგახსენებთ მტკიცე ერთიანობისთვის, რომელსაც ევრ ოპისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ავლენთ.საამაყოა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ურთულეს ამ პროცესში და ამ ურთულეს პერიოდში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ 

NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება