NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“- ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს მიმართა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწავლება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, აჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალები ერთმანეთის მხარდამხარ გადიოდით სწავლებას. თქვენ ერთად მუშაობთ, რათა აიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა, გაზარდოთ საერთო მზადყოფნა და გააძლიეროთ ნდობა. ეს სწავლება, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, უჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. შეიარაღებული ძალების წვრთნა და განათლება – ეს NATO-ს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა.
წელს სწავლება გართულებული გარემოების ფონზე წარიმართა. პრეზიდენტი პუტინი სასტიკად და სრულიად გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. მან შეაჩერა მშვიდობა ევროპაში. პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს მიზნის მიღწევას. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა თქვენს ქვეყანაში 2008 წელს. ჩვენ ეს ვნახეთ ყირიმში 2014 წელს და ჩვენ ამას კვლავ ვხედავთ დღეს – ომის სახით უკრაინაში. ეს არის ყველაზე საშინელი სამხედრო აგრესია ევროპაში ბოლო ათწლეულების მანძილზე, რაც ყოველდღიურად იწვევს სიკვდილსა და განადგურებას. ეს საფრთხესა და გამოწვევას უქმნის უსაფრთხოებას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ წესრიგს. NATO-ს მოკავშირეები მკაცრად გმობენ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი. ჩვენ ყველა რესურსს მივმარათავთ უკრაინისკენ და მივესალმებით ჭეშმარიტ დიპლომატიას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავ გავაგრძელოთ კრემლისთვის მძიმე ზომების დაწესება, რათა დასრულდეს ეს სასტიკი ომი. ამავე დროს, ნატო-ს მოკავშირეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ვეხმარებით ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის უფლება. ჩვენ ასევე, განვაგრძობთ ჩვენი სხვა პარტნიორების – საქართველოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს თბილისთან და საპასუხოდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვისას.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის ომმა უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოება ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რადგან ფუნდამენტური პრინციპები ძალის გამოყენებას დააპირისპირა.
„ამ ახალ ეტაპზე NATO-ს მოკავშირეები ერთად დგანან პარტნიორებთან და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნეთან ერთად. ჩვენ ერთობლივად ვიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის უფლებას, აირჩიონ საკუთარი კურსი. ეს საქართველოს უფლებაც არის და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ძლიერი და ქმედითი შეიარაღებული ძალები უმთავრესი პირობაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ნატო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებით, დემოკრატია ყოველთვის ბატონობს ტირანიაზე, სადაც ადამინები არიან თავისუფალი, ცხოვრობენ უსაფრთხოდ და წარმატებულად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ.
„NATO-საქართველოს სწავლება 2022“ არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს. სწავლება სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ის უკვე მესამედ გაიმართა.
ასევე წაიკითხეთ