ინვესტიციების შემცირების გამო რუსეთში მშენებლობების 40% შეჩერებულია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბაზრის კვლევა რუსეთის მენაშენეთა ასოციაციამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ლოჯისტიკის დარღვევისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მშენებლები იძულებული გახდნენ, რომ რიგი ობიექტების მშენებლობა შეეჩერებინათ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო ერთ თვეში რამდენიმე დასახელების საშენი მასალების ფასი 80%-ით გაძვირდა. ფასზე გავლენა რუბლის კურსთან ერთად სამშენებლო მასალების დეფიციტმაც იქონია.
სტატისტიკის თანახმად რუსეთში 1000-მდე საპროექტო კომპანიაა, აქედან 70% რამდენიმე რეგიონში მუშაობს, 25% კი მოსკოვსა და მის შემოგარენში აშენებს.
მოსალოდნელია კომერციული ფართების მშენებლობის 50%-იანი კლება. ექსპერტების შეფასებით ასევე მოსალოდნელია, რომ 2022 წელს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მინიმუმ 20%-ით შემცირდეს.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ