საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა.
პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.
თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა 9 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
ამასთან, სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კიდევ 4 ექიმს და დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. 14 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.