განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო". - წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე სკოლაში უკვე ჩარიცხულია. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.