კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. 30 წელი თითქოს დიდი დროა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება, ააშენოს ძლიერი, უსაფრთხო ევროპული დემოკრატია. ამერიკელი ხალხი ძალიან ამაყობს, რომ ამ ისტორიული პროცესის თანამონაწილეა, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ 1992 წლის 24 მარტს, თუმცა ეს ურთიერთობა არაოფიციალურად 100 წელზე მეტ დროს ითვლის, კერძოდ 1890 წლიდან. რაღა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობის ისტორია კიდევ უფრო ხანგრძლივია. თავიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარული იყო საქართველოს მოსახლეობისადმი და თქვენი სურვილისადმი, გეცხოვრათ თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოში. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ეფუძნება საერთო ხედვას, გახდეს საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებას და მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს", - განაცხადა დეგნანმა.

ასევე წაიკითხეთ:

კელი დეგნანი: ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხს