საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრო გიუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაუკაშირდა.
„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში.
აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.
22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.