პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო:
მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი;
მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
ეკა მელქაძე − ჟურნალისტი;
ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.
ცნობილია, რომ საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან (მეურვისგან).
საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა-ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.