CNN: აშშ მიიჩნევს, რომ პუტინს უკრაინაში რუსი სამხედრობის ქმედებასა და სანქციების გავლენაზე მცდარ ინფორმაციას აწვდიან

აშშ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მცდარ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებებისა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ პუტინს მისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მოქმედებენ რუსი სამხედროები და რა ზარალს განიცდის რუსეთის ეკონომიკა სანქციების შედეგად, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირის თქმით, ეს შეფასება აშშ-ის დაზვერვის დასკვნებს ეფუძნება. 

მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსულ სამხედრო დანაყოფებს დიდი დანაკარგების გამო რეორგანიზაციისა და მარაგების შესავსებად რუსეთსა და ბელორუსში დაბრუნება უწევთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონდან სამხედრო ძალები გადაისროლა.

25 მარტს CNN-მა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. 

რაც შეეხება სანქციებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს