მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაიგზავნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.
„სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
ასევე წაიკითხეთ