კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას.
ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილის თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება.
„არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა მოქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით", - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
ბაბილოვის განცხადებას დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, „ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა". ამასთან დასძინა, რომ საქართველო „არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად".
ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.
„დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას", - ამბობს იეპე კოფოდი. მანვე განაცხადა, რომ „დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".
რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.
ასევე წაიკითხეთ
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს
საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა