ყარაბაღში ბოლო პერიოდის დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 6 აპრილს, ბრიუსელში შეხვდებიან.
მხარეები ასევე შეხვდებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
ორი ქვეყნის ლიდერი ისაუბრებს მთიანი ყარაბაღის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.
26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.
ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ასევე წაიკითხეთ
აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა