იმედი მაქვს, რომ მალე შედგება თქვენი ვიზიტი და 30 წლის იუბილეს საქართველოში ვიზეიმებთ - თქვენ თავად ნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადების გაკეთებისას.
„ჩვენ ყველა ვფიქრობთ უკრაინაზე. ეს უპირველესი თემაა, რაზეც ვმსჯელობთ. წელს ვზეიმობთ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, მნიშვნელოვანი თარიღია და მოხარული ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. იმედი მაქვს, რომ მალე შედგება თქვენი ვიზიტი საქართველოში და 30 წლის იუბილეს საქართველოში ვიზეიმებთ. თქვენ თავად ნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ბოლო გამოკითხვებით საქართველოს მოსახლეობის 83%-ს ევროკავშირში გაერთიანება სურს. მჯერა თქვენი მხარდაჭერის და კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოში მოგიწვიოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.